უკრაინა ევროკავშირისგან ივნისში 1.9 მილიარდ ევროს მიიღებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დე ლეიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში 1.9 მილიარდი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თანხა მიმდინარე თვის ბოლოს გამოიყოფა.


„დღეს ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ თვის ბოლომდე ჩვენ უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროს გამოვუყოფთ უკრაინის დაფინანსების მექანიზმიდან. ეს დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმისა და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელიც უკრაინამ დაამტკიცა და რომელსაც „უკრაინის გეგმა“ ჰქვია,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


ლაიენის თქმით, „უკრაინის გეგმა“ მოიცავს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას და ანტიკორუფციულ რეფორმას. ამავე დროს, ფონ დერ ლაიენის განმარტებით, „უკრაინის გეგმა“ არის იმის საფუძველი, რომ უკრაინა მიმზიდველი გახადოს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის და ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს.


ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად ივლისში ხელმისაწვდომი გახდება კიდევ 1.5 მილიარდი ევრო - შემოსავალი გაყინული რუსული აქტივებიდან.


„ჩვენ ვაგროვებთ ფინანსურ ძალას, რათა დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევასა და აღდგენაში. რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, 1.5 მილიარდი ევროს ოდენობით, ივლისში ხელმისაწვდომი გახდება,“ - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.


ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოთხოვნა, რაც მას ბლოკში გაწევრიანების საშუალებას აძლევს.


“უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.