„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები.“ ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო ავრცელებს. ევროკავშირი ასევე ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი გამოხატავს წუხილს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით მომხდარი შემთხვევების გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები.
ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რომელმაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია შეიძლება, მეტად გაამწვავოს.
ევროკავშირი ასევე ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ განცხადებულ მისწრაფებებს არ შეესაბამება და ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.
ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის.
მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ,“ წერია განცხადებაში.