აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინისთვის დამატებით, $1.5 მილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა

მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, რომელიც სამიტზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 1,5 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს უკრაინის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული საჭიროებისთვის.


კერძოდ, 824 მლნ დოლარი განკუთვნილი იქნება ენერგეტიკის სექტორში ყველაზე გადაუდებელი გამოწვევების დასაძლევად, ინფრასტრუქტურის შეკეთების ჩათვლით, $379 მილიონი - საკვების, წყლის, თავშესაფრებისა და სხვა ჰუმანიტარული სერვისებისთვის, 300 მილიონი კი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ყველა ძალოვანი უწყების მხარდაჭერის ჩათვლით. 

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტსას და მის გუნდს იტალიაში გაფორმებული ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებისთვის, ასევე, აშშ-ის კონგრესს, ორივე პარტიასა და პალატას, უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის მიმდინარე წლის აპრილში.


„პუტინი ცდილობს, ომი გააფართოოს და კიდევ უფრო სისხლიანი გახადოს. მაგრამ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან ერთად ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და ვხსნით ახალ შესაძლებლობებს დიპლომატიაში. უკრაინას ყოველთვის სჯეროდა დიპლომატიის ძალის. ომი ჩვენი არჩევანი არ არის, ეს პუტინის არჩევანია. დღევანდელ სამშვიდობო სამიტზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დიპლომატიური გზით დავიწყოთ გზა ნამდვილი მშვიდობისაკენ. შეერთებული შტატების დახმარება მშვიდობის დამყარებაში მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


შეხვედრაზე განიხილეს გამოცხადებული ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტებიდან საბრძოლო ველზე იარაღის მიწოდების დინამიკა, ბრიგადების დაკომპლექტება, ფრონტზე, კერძოდ ხარკოვის რეგიონში არსებული ვითარება და დამატებითი შეთანხმებების განხორციელების პროგრესი პატრიოტის სისტემებთან დაკავშირებით. კამალა ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და დიქტატორების წინააღმდეგობას.


„მე აქ ვარ, რათა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, უკრაინასთან და ლიდერებთან ერთად, მთელი მსოფლიოდან," - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.