„საქართველომ ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა“ - საერთაშორისო მედიის გამოხმაურება

  • საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო-2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით, მისთვის პირველი მსხვილი ტურნირის პლეი ოფში გადავიდა.

საქართველოს ისტორიული მიღწევას ევროპის ჩემპიონატზე, საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.


BBC Sport-ის შეფასებით, პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ისტორიაში, FiFA-ს რეიტინგით, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა და თავიანთ სადებიუტო მსხვილ ტურნირზე დაუვიწყარი საღამო შექმნა. ამასთან, საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა თავი გაართვეს და გავიდნენ ფინალურ ეტაპზე. ქართველებს პორტუგალიასთანაც ბურთის ფლობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო და გააკეთეს ეს შთამბეჭდავად.


New York Times კი, საქართველოს მიერ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას  ევრო-2024-ის უდიდეს შოკად აფასებს.

„საქართველომ პირველი გოლი მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში გიორგი მექაუტაძის პენალტი მოჰყვა. საქართველოს გასაოცარი გამარჯვება ნიშნავს, რომ თურქეთის შემდგომ მესამე ადგილზე გავიდნენ და მათი ჯილდოა კვირას კიოლნში, ესპანეთთან მატჩი. ეს იქნება რთული პერსპექტივა, შეხვდე ტურნირის ერთადერთ გუნდს, რომელსაც მოგების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. მაგრამ ისინი ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ,“ – წერს ამერიკული გამოცემა.


 „ეს იყო ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად. ეს იყო პირველი შემთხვევა რონალდოს კარიერაში, როდესაც ვერ გაიტანა გოლი დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე,“ – წერს თავის მხრივ, ბრიტანული Guardian-ი.


„გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმა გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში,“ – ასე აფასებს CNN საქართველოს ისტორიულ მიღწევას.