ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
- ჩვენმა ბიჭებმა ახალი სული შთაბერეს EURO 24-ს, მოტივაციით, შემართებით, ბრძოლისუნარიანობით, გუნდურობით, პასუხისმგებლობითა და პატრიოტიზმით, სახასიათო ფეხბურთი ითამაშეს და ყველა მატჩი დაუვიწყარი და სანახაობრივი გახადეს.
მთელი საქართველო გაგვაერთიანეს, გამარჯვების და აღმაფრენის განცდა დაგვიბრუნეს, თავისუფალ საქართველოში დაბადებულმა, ლაღმა, მოცინარმა, შრომისმოყვარე, მიზანდასახულმა და პატრიოტმა ბიჭებმა, ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანაც თავიდან სხვა მგზნებარებით აღმოგვაჩენინეს და შეგვაყვარეს.
როცა ვამბობდით, რომ ჩვენ ვბრუნდებით ევროპაში, სწორედ ამას ვგულისხმობდით, ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული არეალი კი არა, საერთო კულტურა და ღირებულებებია, შეხედეთ ჩვენს ბიჭებს, მათ დამოკიდებულებებს ერთმანეთის, ქვეყნის ჰიმნის, დროშის, გულშემატკივრის, მსაჯის, მწვრთნელის, მეტოქის, პუბლიკის მიმართ, განა სხვა რამეა ევროპა?
ურთიერთპატივისცემა, ღირსეული კონკურენცია, ღირსეულად გამარჯვება და დამარცხება. ამ თაობაში ყველაფერმა იმან გამოანათა, რითიც ქართველები მუდმივად გამოვირჩეოდით, ის, რამაც დღემდე მოგვიყვანა, გადაგვარჩინა და გაგვაძლებინა ჩვენი ისტორიის ქარტეხილებს.
რწმენა, პროფესიონალიზმი, ქვეყნის სიყვარული და გადამწყვეტ მომენტში ერთ მუშტად შეკვრა, შრომისმოყვარეობა და თავდადება.
კიდევ ვილი სანიოლს გაუმარჯოს, ეროვნული ნაკრების კარგ მწვრთვნელს და დიდ ადამიანს. მის მიერ ჩადებული შრომის, დისციპლინის, კოორდინაციის, გუნდურობის და მოტივაციის შედეგიცაა დღევანდელი ჩვენი ზეიმი.
მადლობა მას, ჩვენი ბიჭების და ქვეყნის მიმართ მისი პერსონალური დამოკიდებულების გამოც.
გულშემატკივრებს გაუმარჯოს, კიოლნიში რომ ჩავიდნენ და დინამოს სტადიონზე აგრძნობინეს თავი ჩვენს ბიჭებს. სამაგალითო ქომაგებს, უშეცდომოდ რომ გრძნობდნენ და ფლობდნენ ყველა გადამწყვეტ წუთს და არაფერი დაუშურებიათ გამხნევების და მადლიერების გამოსახატავად. მათი ქომაგობის კულტურასა და მოწესრიგებულობაზე ცალკე საუბრობენ უცხოელები.
ყველაფერი წინაა, ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ეს არ იყო დამარცხება, ჩვენ აღმოგვაჩინეს, შეგვამჩნიეს, დაგვაფასეს და ეს ყველაფერი როგორც ბიჭებს, ასევე ქვეყანას ათმაგად დაუბრუნდება. წინ მსოფლიოა და უკვე გვაქვს გამოცდილებაც და მაღალი სტანდარტიც აღებული.
და ბოლოს, ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას გაუმარჯოს, როგორ გვჭირდება და გვიხდება კიდეც სიხარული, ბედნიერება, ერთობა.
ჩვენ დიდი მომავლის და პოტენციის ქვეყანა ვართ ეს დავამტკიცეთ კიდეც. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება, ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი თავგადასავლების.
ბრავო ბიჭებს,
ჩვენი ადგილი ევროპაშია
ჩვენ ვართ ევროპა
საქართველო ევროპაა
წინ ევროპისკენ
წინ გამარჯვებისკენ 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇪🇺🇪🇺🇪🇺❤️