უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩავიდა კიევში, სადაც დღეს, 2 ივლისს, მოლაპარაკებას მართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს ორბანის პირველი ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ კიევში დღევანდელი მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა მშვიდობის დამყარების შანსი. ორბანი და ზელენსკი განიხილავდნენ უნგრეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსაც.
ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე.
კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკრაინული გეგმების წინაამდეგი არ არის, თუმცა მათ განსახორციელებლად ხანგრძლივი დროა საჭირო.
„ბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ მისი ინიციატივები დიდ დროს მოითხოვს საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს ეფიქრა, შეიძლება თუ არა სხვაგვარად გაკეთება: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ამ მოლაპარაკებების ტემპს დააჩქარებდა,“ - აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ინიციატივების მიღება დაჟინებით არ მოუთხოვია და უკრაინის არგუმენტები მოისმინა. „ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტის ამ საკითხთან დაკავშირებით გულწრფელი აზრისთვის,“ - აღნიშნა ორბანმა.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ დოკუმენტზე, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
„ჩვენი დიალოგის შინაარსი ყველა დღევანდელ საკითხზე შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენს სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ყველა ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სარკისებურ მიდგომაზე,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან დააახლოვა.
„გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, გვინდა ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან თანამშრომლობის გლობალური შეთანხმებას, ისეთივეს, რაც უნგრეთის სხვა მეზობლებთან გვაქვს,“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა. გარდა ამისა, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე აპირებს, დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
„ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს უკრაინას და უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ,“ - დასძინა უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარებისადმი კრიტიკულად განწყობილი და რუსეთთან კავშირების შენარჩუნების მომხრე ვიქტორ ორბანის კიევში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, პირველ ივლისს, უნგრეთმა ექვსი თვით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.
უნგრეთის მემარჯვენე ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც.
2023 წლის 14 დეკემბერს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, კენჭი უნდა ეყარათ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ორბანმა დარბაზი დატოვა.