სტოლტენბერგი: სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერა იქნება

NATO გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მომავალი სამიტის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინის საკითხი ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე წამყვანი იქნება. NATO 75-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, საიუბილეო სამიტისთვის ემზადება, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.

გენერალური მდივნის თქმით, NATO ფინანსური კუთხითაც გააგრძელებს და განაახლებს უკრაინის დახმარებას.


მანვე გაიმეორა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოკავშირეები ყოველწლიურად აწვდიან დაახლოებით 40 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას [უკრაინას]. მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ეს არის მინიმალური საბაზისო ხაზი.


სტოლტენბერგი ელის, რომ მოკავშირეები სამიტზე გადაწყვეტენ ამ დონის შენარჩუნებას მომავალ წელსაც. ასევე, მოკავშირეები დათანხმდებიან ტვირთის სამართლიანად გაზიარებაზე, მათი მშპ-ის ზომის გათვალისწინებით და უზრუნველყოფენ დაფინანსების მდგრად დონეს უკრაინის უპირატესობის მისაღწევად.


სტოლტენბერგმა დღეს გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ის ასევე მოელის, "მოკავშირეები დამატებით უზრუნველყოფენ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას, ისევე როგორც სხვა შესაძლებლობებს [უკრაინისთვის]."

„ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა სამიტზე იქნება უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და მათ სჭირდებათ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა. ასე რომ, მომავალ კვირას სამიტზე, მე ველი, რომ სახელმწიფოთა ლიდერები შეთანხმდებიან უკრაინის დახმარების არსებით პაკეტზე," - განაცხადა სტოლტენბერგმა.


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რასაც სამხედრო ალიანსი უკრაინის დასახმარებლად გადადგამს.

"პირველი, NATO-ს უსაფრთხოების დახმარება და გადამზადება უკრაინისთვის. NATO თავის თავზე აიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების უმეტესი ნაწილის კოორდინაციას და უზრუნველყოფას. [ეს მოხდება] სამვარსკვლავიანი გენერლის ხელმძღვანელობით და დაახლოებით, 700 პერსონალის [ჩართულობით], რომლებიც მუშაობენ.


NATO-ს შტაბ-ბინაში გერმანიაში და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ლოგისტიკურ კვანძებში. ეს ნატოს კონფლიქტის მხარედ არ გახდის, მაგრამ გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას," - განმარტავს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამუდმებით ითხოვს უფრო სწრაფად და უფრო მეტი იარაღის მიწოდებას.  განსაკუთრებით კი - საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.