ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს.
ელჩის თქმით, „ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის.“
„სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც. დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა, რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო,“ განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, რომლის მიერ დღეს გაკეთებულ კომენტარსაც ეროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
შეგახსენებთ, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“
ევროკავშირის ლიდერებიც არაერთხელ გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები დააზიანებდა ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ.
„ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ დღეს თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას.
მოგვიანებით, მან ჟურნალისტებთამ განმარტა შემდეგი: „ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ. ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე.
ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 10-ჯერ მეტია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობას. ჩვენი, ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება ამ პირდაპირი მხარდაჭერის თანდათან შემცირების შესახებ, მისი მიმართულების შეცვლის და სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც, როგორც ვიცით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში ამ დროისთვის „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გამო,“ - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, საქართველოსა და მოლდოვის მხარდასაჭერად, დახმარების ორი პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილება გასული წლის მაისში მიიღო.
საქართველოსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარების მიზანი იყო ქვეყნის თავდაცვის ძალების ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გაზრდის საქმეში.
დახმარების პაკეტი 36-თვიან პერიოდზე გაითვალა და მიემართებოდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და სერვისების დაფინანსებისკენ. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავდა საინჟინრო, მართვისა და კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვის აღჭურვილობას. ამასთან, საქართველოს თხოვნის საფუძველზე მოხდებოდა ტექნიკური მომზადების დაფინანსებაც.
საქართველომ დახმარების გამოყოფის თხოვნით ევროკავშირს 2023 წლის 8 თებერვალს მიმართა. მანამდე დახმარების ორი პაკეტი გამოიყო: 20 მილიონი ევროს დახმარება 2022 წლის დეკემბერში, ხოლო 12,75 მილიონი ევროს დახმარება 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა.