ტოივო კლაარს მაგდალენა გრონო შეცვლის

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უფროსი დიპლომატური მრჩეველი, ჩეხი მაგდალენა გრონო, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაამტკიცა.


ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ სოციალურ პლატფორმა X-ზე გაავრცელა. მაგდალენა გრონოს კანდიდატურას ოფიციალურად ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.


მაგდალენა გრონო ამ პოსტზე ესტონელ დიპლომატ ტოივო კლაარს შეცვლის.

კლაარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე პირველად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.


ჩეხი მაგდალენა გრონო (ფრიჩოვა) სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი. რადიო თავისუფლების ცნობით, მაგდალენა გრონო კარგად იცნობს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ის ამ ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.