ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის. ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. მის მიერ საპრეზიდენტო რბოლიდან ამ ეტაპზე გასვლა თანამედროვე ამერიკის პოლიტიკაში უპრეცედენტოა. ახლა დემოკრატიულ პარტიას ბაიდენის შემცვლელზე შეთანხმება უჩვეულოდ მცირე დროში მოუწევს.
ბაიდენი დემოკრატიული პარტიის მიერ კანდიდატად კამალა ჰარისის დასახელებას ემხრობა. ის დემოკრატებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და “დაამარცხონ ტრამპი.” კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტია 2020 წლიდან.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გვერდზე გადგომა და მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე, ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ფოკუსირება,“ - წერს ბაიდენი გავრცელებულ განცხადებაში.
ბაიდენი თავისი თანაპარტიელი დემოკრატების ზეწოლას განიცდიდა, რათა შეეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გზა დაეთმო სხვა კანდიდატისთვის, რომელიც რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.