აზერბაიჯანი და ყაზახეთი ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის გაყვანას დაიწყებენ

აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის პრაქტიკული სამუშაო სავარაუდოდ, 2024 წელს დაიწყება. ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში ალიმ ბაილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს.

„პირველ რიგში საჭიროა კაბელის დამზადება, შემდეგ კასპიის ზღვაში ჩაყვანა და ფსკერზე ჩაშვება. პროექტის უმეტესი ნაწილი დასრულდება წელს და მომავალ წელს,“ - აღნიშნა ელჩმა.


ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის პროექტი, კასპიის ზღვის ფსკერზე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებს შორის მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების გაყვანას გულისხმობს. პროექტის მიზანია აზერბაიჯანის გავლით ევროპასა და აზიას შორის ციფრული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბება მაგისტრალური საკაბელო ხაზების გაყვანით, რაც კასპიის ზღვის ფსკერზე დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემის საშუალებას იძლევა.