საგარეო უწყებაში, უცხოელ დიპლომატებს ცხრა დათქმის შესრულების საკითხზე ესაუბრნენ

„დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს,“ - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


„დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა, მათი აზრით, თუ რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით, რომელიც კომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შარშან, საკუთარ რეკომენდაციაში გამოყო.


შეხვედრაზე ჩვენ საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომლებიც ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ 27 ივნისს მიიღო და რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს, განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის უკანდახევას ნიშნავს, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ეს ტენდენცია შეცვალოს, რომელიც დე ფაქტო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს.


როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ეს იყო ოფიციალური სიტყვა, ჩვენ გადავდეთ, გავყინეთ 30 მილიონი, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, ასევე, შევამცირეთ მაღალი დონის შეხვედრების რაოდენობა, მთავრობისთვის ჩვენი დახმარების გადახედვას ვაწარმოებთ და ამას შემდგომი განცხადებები მოჰყვება,“ - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა IPN-ის ცნობით.


მისი თქმით, ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

„ევროკავშირი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა. ჩვენ ვმუშაობთ იმ ქართველებისთვის, რომელთაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ხილვა სურთ. ასევე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული იქნება,“ - აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.


თავის მხრივ, საგარეო უწყების მიერ გავრცელბულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ სამინისტროში მოეწყო პრეზენტაცია, რომელიც ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებას ეხება.


„2024 წლის 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების თაობაზე. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.