დემოკრატიული პარტიის სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, მინესოტის გუბერნატორი, 60 წლის ტიმ უოლცი იქნება, რომელიც ეროვნული გვარდიის ვეტერანია. დემოკრატი გუბერნატორი მინესოტადან ყოფილი კონგრესმენია, ის ამერიკის კონგრესში 12 წელი მსახურობდა.
როგორც გუბერნატორი, მინესოტაში უოლცი ამერიკული მედიის ინფორმაციით ფართო პოპულარობით სარგებლობს. შტატში დემოკრატები ორივე პალატაში ლიდერობენ. მედია წერს, რომ ამის გამო გუბერნატორმა იქ რამდენიმე რეფორმა წარმატებით გაატარა. მათ შორის ასახელებენ: აბორტზე ქალების ხელმისაწვდომობის გაზრდას; რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციას; იარაღზე წვდომის შეზღუდვას; სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვების უზრუნველყოფას და ახალშობილთა მშობლებისთვის ანაზღაურებული შვებულების შეღავათის გაფართოებას. 60 წლის უოლცი შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ვეტერანია. მას მასწავლებლობის და ახალგაზრდებთან მუშაობის ხანგრძლივი სტაჟიც აქვს.
პარალელურად გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს უახლოეს დღეებში შეხვედრები აქვთ დაგეგმილი პენსილვანიაში, ვისკონსინში, მიჩიგანში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიაში, არიზონასა და ნევადაში.
საარჩევნო კამპანიას განაგრძობს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი. ვენსი ამ კვირაში პენსილვანიაში გეგმავს ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრას.