საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 16 წლისთავზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმს ესტუმრა.
„ძალიან შთამბეჭდავი და მტკივნეული მომენტია აქ მოსვლა… ეს არის მეხსიერება, რისი დაკარგვა არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება. ეს არ არის მოცემულობა, ეს არის, რასაც არასდროს არ შევეგუებით… არშეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ერგნეთში ყოფნისას ხაზი გაუსვა, რომ სოფელი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით არის აღდგენილი.
„არ შეიძლება, არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია „უცხო აგენტების' ფულით.“
მანამდე, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-შიც დაწერა აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველო მყარად დარჩება ევროპულ გზაზე.
„აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!“
ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთში, ომის დროს თითქმის სრულად განადგურებული სახლის სარდაფში, შვიდი წლის წინ გაიხსნა.