ივანიშვილი: კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაანონსდა.

ივანიშვილის განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, „საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.“


„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.


იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მანვე აღნიშნა, რომ მტკიცედ სჯერა, დამაჯერებელი გამარჯვების და ქვეყნის უკეთესი მომავლის.„ძვირფასო გურულებო, თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს! ჩემო გურულებო, მოგიწოდებთ, თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ, ის მრავალი ხმა, ის პოლიფონია, თქვენს გასაოცარ კრიმანჭულში რომ ისმის, გავაერთიანოთ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის, საქართველოს და ქართული ოცნების გამარჯვების სიმღერად ვაქციოთ!“ - განაცხადა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

25 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაიმეორა სამი დაპირება, რასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში შეასრულებს და განაცხადა, რომ არსებობს მეოთხეც, „ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.