ფაშინიანი: აზერბაიჯანს იტალიიდან იარაღის შეძენა შეუძლია, სომხეთმა ვერ უნდა შეიძინოს იარაღი საფრანგეთიდან?

„აზერბაიჯანი ცდილობს, დაადანაშაულოს სომხეთი შეიარაღებაში, რათა დაფაროს საკუთარი შეიარაღების საკითხი,“ - „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.


„გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ, მაგალითად, გვაქვს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საფრანგეთთან და ინდოეთთან. აზერბაიჯანში არის ტენდენცია, რომ ისაუბრებიან იმაზე, თითქოს, არარეგიონული ქვეყნები აღჭურავენ სომხეთს, მაგალითად, საფრანგეთი. მაგრამ ცხადია და საჯაროა, რომ აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს, მაგალითად, იტალიიდან.


საფრანგეთის მეზობელი ქვეყანაა, რატომ შეუძლია აზერბაიჯანს, იარაღი იტალიიდან შეიძინოს და სომხეთმა ვერ შეძლოს იარაღის შეძენა საფრანგეთიდან? აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს, მაგალითად, პაკისტანიდან. რატომ შეუძლია აზერბაიჯანს, იარაღი პაკისტანიდან შეიძინოს და სომხეთმა ვერ შეძლოს იარაღის შეძენა ინდოეთიდან?


ამბობენ, რომ ევროკავშირი და დასავლეთი აჭურავენ სომხეთს, ხოლო აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს სლოვაკეთიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან. ევროკავშირის სულ მცირე სამი წევრი ქვეყანა სამხედრო-ტექნიკურ საკითხში თანამშრომლობს აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი უზარმაზარ რაოდენობით იარაღს ყიდულობს ისრაელიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. ფაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთმა კარგად იცის ეს პროცესები დაზვერვის მონაცემების შეგროვების გზით და ამის შესახებ საჯაროდ ყოველთვის არ საუბრობს.