სომხეთი და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს შეისწავლიან

ერევანი, 2 სექტემბერი, არმენპრესი․ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა, საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.


„შეხვედრისას ხაზი გავუსვით სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაფართოების მნიშვნელობას, ასევე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონში გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სხვადასხვა ჯგუფების ორმხრივი ვიზიტების გზით ასევე შევისწავლით ორმხრივი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების და ახალი მიმართულებების ჩართვის შესაძლებლობებს. ასევე განვიხილეთ სომხურ-ქართული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები,“ - დაწერა პაპიკიანმა. 


ქართული მხარის ცნობით, მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.


„გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წელს გაფორმდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე, სომხეთისა და საქართველოს ელჩები დაესწრნენ,“ წერს თავდაცვის უწყება.