პრეზიდენტი: რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს არამხოლოდ უკრაინაში, საქართველოშიც, მოლდოვასა და დანარჩენ ევროპაში

საქართველოს პრეზიდენტის ,,ყირიმის პლატფორმის” მეოთხე სამიტზე მიმართვისას განაცხადა, რომ „თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს.

„რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრიდან და მისი უკანონო ანექსიიდან, 10 წელი გავიდა და უკვე 900 დღეზე მეტია, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკს ომს აწარმოებს.

დამთხვევაა, რომ ეს სამიტი 11 სექტემბერს იმართება? რომ 23 წლის წინ ტერორმა თავისუფლებისა და დემოკრატიის შუაგულს დაარტყა, მოკლა და დააზარალა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, და რომ დღეს, ტერორმა ისევ იფეთქა, მაგრამ ამჯერად ევროპის შუაგულში - ლვოვსა თუ პოლტოვაში? ეს გვახსენებს, რომ ჩვენ [ამ ტერორს] არ შევეგუებით, რომ თავისუფლებისთვის, ადამიანის ღირებულებებისთვის, ადამიანის ღირსებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა უკომპრომისოა. მხოლოდ ამის მიღწევის შემდეგ შეგვიძლია, ვიმედოვნოთ, რომ გრძელვადიან მშვიდობას მივაღწევთ.


უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსული აგრესიის ნამდვილი სახის წინაშე დაგვაყენა - სასტიკი, დაუნდობელი კამპანია, რომელსაც არამხოლოდ ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცები ჰყავს მიზანში ამოღებული, არამედ განსაკუთრებით, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და უკრაინული საზოგადოება მთლიანობაში.


ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არაა; ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს - იქნება ეს პირდაპირი ტრადიციული ომის მეთოდები, სამხედრო ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, თუ დეზინფორმაციის კამპანიები, რათა თავის იმპერიალისტურ ამბიციებს მიაღწიოს.


ამ ბარბაროსობის წინაშე, უკრაინამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა საოცარი სიმამაცე და სიმტკიცე და მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინელების სიძლიერისა და გამძლეობის შემსწრე, რომელიც შეიძლება მხოლოდ გმირობად შეფასდეს, ეს ჩვენთვის, ყველასთვის შთამაგონებელია.


უკრაინამ ყოვლისშემძლე რუსული არმიის სახე დაამსხვრია და დაამტკიცა, რომ რუსეთის დაუმარცხებლობა მითი იყო, რომ რუსეთმა ვერ შეძლო კიევის დაპყრობა ვერც 3 და ვერც 900 დღეში, ვერ შეძლო უკრაინული საზოგადოების დასუსტება, ან უკრაინის დაშორება ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერისგან. ეს იმიტომ, რომ ყველანი ვაცნობიერებთ - უკრაინელები არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან.


უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს - არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში. ძალიან დიდი ხანია მოსკოვი უგულებელყოფს საერთაშორისო ნორმებს, ცდილობს ძალისმიერად საზღვრების შეცვლას და მისი მეზობლების სუვერენიტეტის ძირის გამოთხრას. ამგვარი საქციელის დაშვება აღარ შეიძლება.


როგორც ყველამ ვიხილეთ, შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის და კონტინენტისთვის გადამწყვეტია, რადგან ის სავაჭრო, ენერგეტიკულ და კომუნიკაციის მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს. ის ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, და მისი [შავი ზღვის] სტაბილურობა პირდაპირ დაკავშირებულია მთლიანი კონტინენტის უსაფრთხოებასთან. ამიტომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსია აფხაზეთის ოკუპაციიდან ყირიმის ანექსიამდე, ან მის ბოლოდროინდელ ნაბიჯებამდე - ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიღებული.


ეს ომი მართლაც ეხება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას, საზღვრების პატივისცემასა და ერების უფლებების დაცვას იცხოვრონ მშვიდობიანად. და იმ დროს, როცა უკრაინა თავისი და ევროპის თავისუფლებისათვის ბრძოლას განაგრძობს, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ხალხი თქვენს გვერდით დგას, მსოფლიო დგას თქვენ გვერდით და ჩვენ ერთად დავანახებთ, რომ თავისუფალ მსოფლიოს ვერ შეაშინებს ის, ვისაც დაყოფა, განადგურება და დაპყრობა სურს,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.