EUMM: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხურჩის რაიონში დროებით დააკავეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აცხადებს, რომ მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების დროს ხურჩის რაიონში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. მათივე ცნობით, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, შემთხვევის შემდეგ ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით.


„დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს  ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს," - წერია EUMM-ის განცხადებაში.