ჩეხური კომპანია შუა დერეფნის მარშრუტზე საპილოტე პროექტს ახორციელებს

ჩეხური საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია MALBI-trans-ი ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (შუა დერეფანი) საპილოტე პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლილიანა კრუტონოგმა განუცხადა.


„ჩვენი მიზანია, ავითვისოთ სრული მარშრუტი რუმინეთის პორტ კონსტანცის გავლით. ჩვენი წინა გადაზიდვები არ იყო ამ პორტის გავლით. წელს ვგეგმავთ ტრანსპორტირებას კონსტანცის გავლით. ჩვენ ვაპირებთ, კვირაში დაახლოებით ერთი რეისის შესრულებას. ამჟამად ვიკვლევთ შესაძლო საკითხებს,“ - აღნიშნა კრუტონოგმა.


ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.