სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
უწყების ცნობით, „ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი.“
ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.“
სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლები აძვი და ახალუბანი.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის ორი მცხოვრები ორი დღის წინ დააკავეს. ამჟამად, ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება.