16-19 სექტემბერს NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპერაციების საკითხებში, ბურჯუ სანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ამბობენ, რომ ბურჯუ სანის ვიზიტი შეეხებოდა NATO-საქართველოს ურთიერთობებს, რეგიონში და რეგიონს მიღმა უსაფრთხოების მდგომარეობას და NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს.
ბურჯუ სანი საქართველოს ადრე ხშირად სტუმრობდა, თუმცა ეს მისი პირველი ვიზიტი იყო გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში. ვიზიტის განმავლობაში ის დაესწრო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის 10 წლის იუბილეს, შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, პაატა პატიაშვილს, NATO-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებს და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის თანამშრომლებს. ქალბატონი ბურჯუ სანის განცხადებები შეეხებოდა NATO-საქართველოს ურთიერთობებს, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს, რეგიონში და რეგიონს მიღმა უსაფრთხოების მდგომარეობასა და ივლისში გამართული NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს,“ აცხადებენ NATO-ს სამეკავშირეო ოფისში.
როგორც მან აღნიშნა: „გასული ათწლეულის განმავლობაში NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიულმა ინიციატივებმა აღსანიშნავი პროგრესი განიცადა. შეგვიძლია, ამ მიღწევებით ვიამაყოთ. წარმატებული 10 წლის შემდეგ NATO საქართველოსთან პარტნიორობის ერთგული რჩება და ამავდროულად ხაზს უსვამს NATO-ს ღირებულებების მნიშვნელობას.“
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილესა და NATO-ს წარმომადგენლის შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნის განხორციელებას.
„NATO-ს მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, აღინიშნა, რომ ალიანსისთვის საქართველო სანდო პარტნიორს წარმოადგენს და განსაკუთრებით აფასებენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ქართულმა მხარემ კი, დაადასტურა, რომ NATO-ში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მზადაა, გააგრძელოს ქმედითი ჩართულობა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დაასრულა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა NATO-ს სამხედრო განათლების ყოველწლიურ სერჟანტთა აკადემიებისა და სკოლების კონფერენციაზე, რომელსაც წელს საქართველომ უმასპინძლა.