„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებულნი ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბელორუსთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ ოფისს ეწვია და ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო დოლიძეს და ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა. ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე დამკვირვებლად საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვია.
„ჩვენ კონტაქტში ვიმყოფებით ეუთო/ოდირის ძირითად ჯგუფთან. ვიცი, რომ აქვთ დიდი გეგმები, რომ ჰყავდეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა არჩევნებამდე, არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორიცაა ISFED, რომელიც ასევე დააკვირდება არჩევნებს და ველოდებით მათ შეფასებებს და ამ შეფასებებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩავთვლით თუ არა ამ არჩევნებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად. თუკი, და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ელჩმა.
მისი განმარტებით, ევროკავშირმა ბელორუსის არჩევნების შედეგები არ ცნო და მის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომა, მათ შორის, სანქციები გამოიყენა.
- „ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელორუსში, იქ არჩევნები მოიპარეს და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომის ფართო სპექტრი, სანქციების ჩათვლით. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი და მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს და პატივს ვცემთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნებისმიერ შედეგებს,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ელჩის განცხადებით, მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, 26 ოქტომბერს მათ ექნებათ შესაძლებლობა, წავიდნენ, ხმა მისცენ და აირჩიონ თავიანთი მომავალი ლიდერები.
„იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი. ჩვენ, ევროკავშირი ვაღიარებთ მის შედეგებს და ვიმუშავებთ ყველა მთავრობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება,“ - აღნიშნა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, თუ საქართველოს სურს, ევროკავშირის ოჯახის ნაწილი გახდეს, ევროკავშირის ძირითადი პრინციპები სრულად უნდა დაიცვას.
„მთავარი საკითხი არის ის, რომ თუკი საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუკი სურს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი, ამისთვის, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს პირობები ჩვენ სპეციალურად საქართველოსთვის არ შეგვიქმნია, ეს არის პირობები, რომელიც ყველა ქვეყანას ეხება, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
სწორედ ამიტომ გვჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმები და ასევე საჭიროა, რომ ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება, მთლიანად იყოს დაცული. ეს პრინციპები ფართოდაა ცნობილი: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობების უფლებების პატივისცემა. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ასე რომ, თუკი საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი გახდეს, ეს პრინციპები სრულად უნდა იყოს დაცული,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქნება დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით - „ტრიოს“ შორის უფსკრული შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება.