ევროკავშირის ელჩი: ქაოსის და ნგრევის უკან, რაც ახლა უკრაინაში ხდება და რაც 2008 წელს საქართველოში ხდებოდა, რუსეთი დგას

„ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის, სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.


„ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის კრისტალურად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ დეკლარაციებით და სიტყვებით, არამედ, საქმითაც, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე, გყავთ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც მხარს უჭერენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან რუსეთის ოკუპაციის გამო,“ - აღნიშნა ელჩმა.


ელჩის თქმით, რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით, ქაოსით.

„რაც შეეხება 2008 წლის ომს, ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა, რომ ქაოსის, ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის, სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი.

რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით, ქაოსით. ჩვენთვის, ევროკავშირისთვის რუსეთის ნეოკოლონისტური და იპერიალისტური ამბიციები მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას. მიუღებელია, როდესაც უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იჭრება უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - აღნიშნა დიპლომატმა.


ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“