აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, თავის გზავნილში ბაიდენმა ხაზი გაუსვა ორ ხალხს შორის ღრმა კავშირებს და აღნიშნა, რომ სომხეთი და შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ უკეთესი მომავლის ასაშენებლად, მათ შორის, ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებით.
პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერებიდან სუფთა ენერგიისა და ვაჭრობის დივერსიფიკაციის ინიციატივების დაჩქარებამდე.
„კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ზომები. ეს არის ღირებულებები, რომლებსაც იზიარებენ როგორც ამერიკელები, ასევე სომხები,” - განაცხადა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი. აშშ-ის ლიდერის თქმით, აშშ მხარს უჭერს სომხეთის ძალისხმევას რეგიონში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, მან გამოხატა ოპტიმიზმი ერთობლივი მუშაობის გაგრძელების შესახებ, სადაც ყველას შეუძლია, ღირსეულად და უსაფრთხოდ იცხოვროს.