კალაძე ლავროვის განცხადებაზე: აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად, ის რომ, რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს პოზიტიურია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.“


„ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთ შერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთ პატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის,“ - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერია ავრცელებს.


მათივე ცნობით, კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება.

„რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.


კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთ მიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს „საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით.“


„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს. 


ცნობისთვის, 14 სექტემბერს, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცეს უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან.