ელჩი: ჩემი როლია, ვუთხრა ყველას ხმამაღლა, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მედიის მიერ დასმული შესაბამისი შკითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს გაკეთებულ თავის შეფასებას, რომელსაც მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.


„თუ მეკითხებით, რაც ვთქვი პარასკევს ბანერებზე, რომლებიც თბილისში ბევრ ადგილას არის გამოკრული, მკითხეს ჩემი ხედვის შესახებ და მე გავუზიარე ჩემი შეხედულებები გულწრფელად და ღიად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ ქართველებთან საუბარში. მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, მაქსიმუმს ვაკეთებ და ყველა ჩემს საუბარში ვცდილობ, უზრუნველვყო, რომ არასოდეს დამადანაშაულონ ჩარევაში.


ვიმეორებ კიდევ და კიდევ, რომ მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, გამოხატონ თავიანთი ხედვები. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თავად ქართველებმა და გულწრფელად მჯერა, რომ ხალხი მივა და მისცემს ხმას თავისუფლად და დემოკრატიული გზით, რომ არჩევნები ჩაივლის უმაღლესი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტით, იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე და ინკლუზიური.


ჩვენ, ევროკავშირი, დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, ძალიან დაკვირვებით შევაფასებთ სხვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს და, რა თქმა უნდა, ძალიან დაკვირვებით მოვუსმენთ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს.


ამჟამად შემიძლია, ვთქვა რასაც ვამბობ და ვიმეორებ: ჩვენ, ევროკავშირი, ვთანამშრომლობდით დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ჩვენ ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რომელსაც საქართველოს ხალხი აირჩევს 26 ოქტომბრის არჩევნებში," - განაცხადა ჰერჩინსკიმ კავკასიის უნივერსიტეტში, მედიასთან საუბარში. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას საქართველოში და ყველგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.


მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა, ძალიან სწრაფად განახლდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„ჩემი ფუნქცია არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა - ეს იქნება აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია ვუთხრა ყველას ხმამაღლა და გარკვევით, რა ეხმარება საქართველოს მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეალურად რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ.“

„ჩვენ გვსურს თქვენ ერთ-ერთი ჩვენგანი იყოთ და ევროკავშირის ამჟამინდელ ლიდერებთან ერთად ერთ მაგიდასთან ისხდეთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი საერთო მომავლის შესახებ,“ - აღნიშნა ელჩმა.


მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ბანერებზე გამოსახულია, "არა ომს - აირჩიე მშვიდობა", რომელზეც გამოსახულია უკრაინაში ომით დანგრეული შენობები, მეორე მხარეს კი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში აშენებული ან რეაბილიტირებული შენობები. ელჩმა მას "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი" უწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებით „დაგმო პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება.“