კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

8 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მოკლე მოხსენებით წარდგა.  მან ყურადღება გაამახვილა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ხაზი გაუსვა მის თავისუფალ გარემოში ჩატარების აუცილებლობას და თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება.

„ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია,“ - განაცხადა ვერა იუროვამ.


იუროვა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის „უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებების და რიტორიკის“ ფონზე, ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერდა. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას სჭირდება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს და კვლავ სურდეს ევროკავშირისკენ სვლა.


მისი თქმით, არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

მან გააკრიტიკა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკაც.

„ჩვენ ასევე გვესმის მცდარი ბრალდებები, უსირცხვილო დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, მათ შორის მმართველი პარტიის თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტარებისგან. ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი და დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს „უკრაინიზაციას“ გეგმავენ, მიუღებელია, მცდარია და დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის.

ეს ნარატივი მხოლოდ რუსეთსა და მის პროპაგანდას ეხმარება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ მცდარი ნარატივის გამოვლენას და პასუხს გასცემს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.“

ევროპარლამენტში 8 ოქტომბრის დებატებს მოსდევს ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოს შესახებ რეზოლუციების კენჭისყრა.