1-2 ოქტომბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დელეგაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-მაიორი არტურ ეროიანის ხელმძღვანელობით. გენერალ-მაიორი ეროიანი საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების მნიშვნელობას. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის არმიის უფროსის მოადგილე ასევე შეხვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილს. განიხილეს სომხეთის შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაციამ დაათვალიერა ეროვნული თავდაცვის აკადემია, სამეთაურო-საშტაბო მომზადების ცენტრი, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი და სერჟანტთა აკადემია.