ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რეგიონს გამჭვირვალობა მოუტანა - სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიამ რეგიონს გამჭვირვალობა მოუტანა.

„მინდა, აღვნიშნო ის, რაც მნიშვნელოვანია სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტშიც. მისიის მიზანი არ არის სომხების მიერ ევროკავშირის აღქმის შეცვლა, მაგრამ ევროკავშირის მისიამ ეს გააკეთა. ამ მისიას ასევე მოაქვს გამჭვირვალობა რეგიონში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე წლის 5 აპრილამდე [სომხეთი-ევროკავშირი-აშშ-ის მაღალი დონის შეხვედრა] აზერბაიჯანი და მრავალი მედიასაშუალება გვადანაშაულებდნენ სიტუაციის ესკალაციის მცდელობაში, ახალი ძალების საზღვარზე შემოყვანაში. ევროკავშირის მისიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით აჩვენა, რა ხდებოდა რეგიონში და უარყო ეს ცრუ ბრალდებები,“ - განაცხადა გრიგორიანმა.


„ევროკავშირი აღიარებს პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ გადამწყვეტ როლს სომხეთის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და მხარს უჭერს სატრანსპორტო კავშირების გახსნას სუვერენიტეტის, თანასწორობისა და რეციპროციულობის პრინციპებით ხელმძღვანელობით, განაცხადა თავის მხრივ, სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვასილის მარაგოსმა.