ორბანი: ვულოცავ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

ორბანი წერს, რომ საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის.

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის და დღეს თავიანთი ხმა გააგონეს ყველას!“ – აცხადებს ვიქტორ ორბანი.


ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს;  კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“  8%.