„დღეს ჩემი გული სავსეა, სავსეა მადლიერებით იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, სავსეა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით,“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, კამალა ჰარისმა მხარდამჭერებს პირველად ამ სიტყვებით მიმართა.
”ამ არჩევნების შედეგი არ არის ის, რაც ჩვენ გვსურდა, არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოდით, არ არის ის, რისთვისაც მივეცით ხმა, მაგრამ როცა ვამბობ, ამერიკული დაპირების შუქი ყოველთვის იკაშკაშებს, რადგან ჩვენ არასოდეს დავნებდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას,“ განაგრძო ჰარისმა.
„ვიცი, რომ ბევრი თავს გრძნობთ ისე, თითქოს, ბნელ პერიოდში შევდივართ, მაგრამ ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ, იმედი მაქვს, რომ ასე არ არის, მაგრამ აი, თუ ასეა, მოდით, ავავსოთ ცა ბრწყინვალე, მილიარდი ვარსკვლავის ნათებით - ოპტიმიზმის, რწმენის, ჭეშმარიტების შუქით," მიმართა ჰარისმა მხარდამჭერებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, არ დანებდნენ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მის პირველ გამოსვლაში ჰარისმა აღნიშნა, რომ მას ესმის მისი მხარდამჭერების ემოციები, მაგრამ ქვეყანამ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები.
ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს.
- „მადლობა რწმენისა და მხარდაჭერისთვის. მე ვამაყობ იმ რბოლით, რომელიც ჩვენ გავიარეთ კამპანიის 107 დღის განმავლობაში."
კამალა ჰარისმა მიმართა ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- „ხელები არ ჩამოუშვათ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხშირად ვამბობდი, როცა ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ, მაგრამ ამაშია საქმე: ხანდახან ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მთავარია, არასოდეს არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ. თქვენ გაქვთ ძალა," - ამბობს ჰარისი.
„ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნების შედეგები. ცოტა ხნის წინ მე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. მე მას ასევე ვუთხარი, რომ ჩვენ მას და მის გუნდს [ხელისუფლების] გადაცემაში და ჩვენ ჩავერთვებით ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დავეხმარებით,“ აღნიშნა ჰარისმა.
ჰარისმა ასევე ისაუბრა დემოკრატიაზე - ეს მისი კამპანიის ცენტრალური ნაწილი იყო.
„ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვიღებთ შედეგებს. ეს პრინციპი, სხვებთან ერთად, არის ის, რაც დემოკრატიას მონარქიისაგან ან ტირანიისაგან განასხვავებს და ნებისმიერმა, რომელიც საზოგადოების ნდობის მოპოვებას ცდილობს, მას პატივი უნდა სცეს. ამასთანავე, ჩვენ ერთგულება გვმართებს არა პრეზიდენტის ან პარტიისადმი, არამედ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი, ჩვენი სინდისა და ღმერთისადმი.“
კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მისი მხარდამჭერები ყველას მოექცნენ სიკეთითა და პატივისცემით, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას „ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის, რომლებიც დაცული უნდა იყოს.“
ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღიარებს დამარცხებას არჩევნებში, მაგრამ არა „ამერიკის მომავლისა და იდეალებისთვის ბრძოლაში.“
„ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ბრძოლაზე კანონის უზენაესობისთვის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისთვის,“ განაცხადა ჰარისმა.