ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე არამხოლოდ აშშ-ის, არამედ ზოგადად, NATO-ს წინააღმდეგ და სერიოზულად აღიქვამს თუ არა და განიხილავს თუ არა ამას შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან. ეს შეკითხვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.
„ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას NATO-ს მოკავშირეებთან მთელ რიგ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს თავისი აგრესიით არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, ევროპის უსაფრთხოებისთვის.
გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას. ჩვენ ვაგრძელებთ NATO-ელ მოკავშირეებთან იმ ასიმეტრიული საფრთხეების განხილვას, რომელსაც რუსეთი ევროპის გარშემო ქმნის.
და ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, არის მუშაობა ამ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. თქვენ ნახეთ, რომ რუსეთს პასუხისმგებლობას ვაკისრეთ როგორც უკრაინას აღჭურვილობით, იმ მასალის მიწოდებით, რომლებიც მას ბრძოლის ველზე სჭირდება, ასევე, ჩვენი უპრეცედენტო სანქციებით, რომლებიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მთელ მსოფლიოში დავაწესეთ,“ აღნიშნა მილერმა.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინამ ამერიკული წარმოების ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორია პირველად დაბომბა. 20 ნოემბერს კი, Bloomberg-მა დაწერა, რიმ უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტებით.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი, დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა, რომ ისინი კონფლიქტის ესკალაციას იწვევენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს და ამ დრომდე განაგრძობს ომს.