ევროკავშირის ელჩი: ერთად შეგვიძლია, შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „საქართველოში ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია.“ “ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, დავარღვიოთ დუმილი და სტიგმა, და უზრუნველვყოთ, რომ ქალებმა შიშის გარეშე იცხოვრონ.”


„გენდერული ძალადობა არამხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში. სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს ავლენს: დაახლოებით 736 მილიონმა ქალმა - თითქმის ყოველმა მესამემ მსოფლიოში - ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განიცადა. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში 15-69 წლის ყოველი მეორე ქალი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალადობას განიცდიდა.


ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობებს აძლიერებს. ჩვენი პროექტები ძალადობის პრევენციის მიზნით ცნობიერებას ამაღლებს და ქალებს უფასო იურიდიულ, სოციალურ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შესაცვლელად და საინფორმაციო კამპანიების დასაწყებად მუშაობს. ასევე, ეს პროექტები SafeYou აპლიკაციის გამოყენებას უწყობს ხელს.


უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება. უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა.


წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის თემა არის: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. #არანაირი გამართლება. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად.“ ერთად შეგვიძლია, შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია.“