არასამთავრობოები: უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით

28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს.


ტექსტში, რომელიც პოეტმა რატი ამაღლობელმა გააცნო საზოგადოებას, აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, საბოლოოდ ითქვა უარი საქართველოს ევროპულ მომავალსა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე:


"ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება."


არასამთავრობოები საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან შეურიგებლობისკენ მოუწოდებენ:

„საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ."


განცხადების ავტორები, სადამკვირვებლო მისიიდან - „ჩემი ხმა,“ ევროკავშირსაც მიმართავენ, რომ მან "არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ."