უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ "პოლიციის ქმედებები თბილისში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე კიდევ ერთ სადამსჯელო თავდასხმად იქცა."
„საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყო. წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის გამოყენება და დემონსტრანტების სახეებისკენ ახლო დისტანციიდან რეზინის ტყვიების დამიზნება, ისევე, როგორც მათი დევნა და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა განუწყვეტელი ცემა, აჩვენებს მთავრობის განზრახვას, რომ შეავიწროოს საწინააღმდეგო აზრი პოლიციის მიერ ძალის უკანონო გამოყენებით. ეს ასევე წარმოაჩენს მათი მხრიდან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების სრულ უგულებელყოფას," - ამბობს კრივოშეევი და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა და დაკავებულებთან მსგავსი მოპყრობა უნდა შეწყდეს.
"პოლიციის ძალადობა, მათ შორის დაკავებულებთან ცუდად მოპყრობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ყველა ბრალდება პოლიციის სისასტიკის შესახებ დაუყოვნებლივ და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმების 20-ზე მეტი შემთხვევაც. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პროტესტში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ისინი კი, ვინც გონივრულად იყვნენ ეჭვმიტანილნი საერთაშორისოდ აღიარებულ დანაშაულში, სამართლიანმა სასამართლომ უნდა განსაჯოს," - ამბობს უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი.
კრივოშეევი აღნიშნავს, რომ Amnesty International-ი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღებით დააკვირდეს მოვლენათა განვითარებას, კონკრეტულად კი, დემონსტრანტების წინააღმდეგ აღძრულ ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის საქმეებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იურიდიული პროცედურები და მართლმსაჯულება არ იყოს გამოყენებული მათ შეუსაბამოდ ან არაპროპორციულად დასასჯელად, ვინც პროტესტის საკუთარ უფლებას იყენებდა.