საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომლებიც გასცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს.
„დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს. შექნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას.
ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის; ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის. ამასთან, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზდებს, საერთოდ დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე ვთხოვთ სამართალდამცველებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს; სახელმწიფომ კი, აუცილებელია, მოახდინოს დარღვევების სწრაფი და დროული გამოძიება, მათი ობიექტური შეფასება და საზოგადოების ინფორმირებულობა. რაოდენ დიდი ფასეულობისთვისაც არ უნდა ვიღვწოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი და ყველაზე დიდი ღირსების მატარებელი ქმნილება ამ სამყაროში. შევთხოვთ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას თავისი წილხვედრი საქართველო მშვიდობით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.