ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდნენ. ანტონიო კოსტა, კაია კალასი და მარტა კოსი უკრაინას ახალი თანამდებობების ოფიციალურად დაკავების პირველივე დღეს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
„თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ვიზიტისას ჩემი გზავნილი ნათელია: ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - წერს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას. ახალი 5-წლიანი მანდატი 2024-2029 წლებს მოიცავს და კომისართა ახალი კოლეგიით არის დაკომპლექტებული.
ევროკომისიის პრეზიდენტს ექვსი ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორისაა, უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.
გაფართოებას საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება. თავდაცვისა და კოსმოსის სფეროში ევროკომისრის პოსტს ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი უხელმძღვანელებს. ჯანდაცვას კი, ოლივერ ვარჰეი ჩაუდგება სათავეში.