კაია კალასი და მარტა კოსი: ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ლიდერების ხელშია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადებით, ევროკავშირი წუხს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი განაცხადონ ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე.


ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება, არ მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და უარს ამბობს ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე.

ეს განცხადება მიანიშნებს, რომ შეიცვალა საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ევროპული მისწრაფებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი.


  • შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია.

საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება დაადასტუროს. ევროკავშირი მტკიცედ გმობს ძალადობას პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ, ვინც თავის ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს მტკიცედ იცავს. საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს პირდაპირი შედეგები აქვს ჩვენ ურთიერთობაზე.


საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული და ძალადობაზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს.


ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, რაც ასევე იმ დარღვევებსაც გულისხმობს, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების მიმდინარეობისას განხორციელდა. ამ თემასთან დაკავშირებით, ევროკავშირი ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს და მის რეკომენდაციებს.


ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირში გაწევრიანების კარი კვლავ ღიაა და საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს ლიდერების ხელშია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.