საქართველოს პარლამენტთან პროტესტის მეოთხე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით პარლამენტისკენ. თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმის მობილიზებაა - ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. სპეცრაზმის მობილიზებაა პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც, გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც - შენობის ყველა შესასვლელთან საპოლიციო ძალები არიან განლაგებულნი.
აქტივისტების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც მართავს აქციას. საპროტესტო დემონსტრაციები იმართება რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორშიც. რუსთავში მოქალაქეები მეგობრობის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
საპროტესტო აქცია გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, სადაც მენეჯმენტის ცვლილებას და ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ. დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გზა გადაკეტეს მას შემდეგ, რაც მათ ტელევიზიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი განუცხადეს.