პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა.
ადგილზე შეკრებელი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისამართით სკანდირებდნენ: „მონებო“.
გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებს ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი წარუდგინა.
ტერიტორია სამართალდამცველებმაც დატოვეს. პროტესტის მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია - „მშობლები ვითხოვთ“ მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად არიან მისულნი. ადგილზე მათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერიც, წარწერებით: - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „მშობლები ვითხოვთ, კი - ევროპას“.