საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯანელიძე მზად არის პრემიერ კობახიძესთან საჯარო დისკუსიისთვის

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჯარო დისკუსია გამართოს.

კობახიძის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრისას, ჯანელიძე აღნიშნავს, რომ „დასხდნენ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გამართონ საჯარო დისკუსია.“


„მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი," - წერს ჯანელიძე.