ბალტიის ქვეყნებმა 11 პირს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურს სავიზო სანქცია დაუწესეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, რომელთაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ანალოგიური აკრძალვის შესახებ წერენ ესტონეთისა და ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა.


„უარი ეთქვათ ლიეტუვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს,“ - წერს ლანდსბერგისი.


„ბალტიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დააწესონ შემაკავებელი ზომები, ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დარღვევებს სჩადის. მშვიდობიანი პროტესტის, საკუთარი აზრის გამოხატვისა და შეკრების უფლება არის ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები. საპროტესტო აქციის ჩახშობა, ასობით ადამიანის დაკავება და ცემა არ შეიძლება, შედეგების გარეშე დარჩეს. ასე რომ, მივიღებთ ზომებს, დამნაშავეებს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე შემოსვლა ავუკრძალოთ,“ - აღნიშნა თავის მხრივ,  ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ.