უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას. განცხადებას საქართველოში უკრაინის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას. მით უმეტეს, რომ პროტესტების მიზეზი არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ.
გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების მცდელობები დაარწმუნოს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია გრძელდება, ამავე დროს კი მისი ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მობრუნებაზე. ერთ დროს ყბადაღებული უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ უკრაინის ევროკავშირის გზიდან რუსეთის უღელში შემობრუნებას, ასევე ამბობდნენ, რომ ისინი მხოლოდ „აჩერებენ“ და არ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შემჭიდროებას.
მტკიცედ უარვყოფთ საქართველოს ხელისუფლების მუდმივ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავიანთ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ხალხის მითიური „უკრაინული სცენარით“ დაშინება „ბელარუსული სცენარის“ პრაქტიკაში განხორციელებისას.
უკრაინა იყო და რჩება საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნებისა და მისი შემდგომი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. ამ კონტექსტში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ კოლეგენს-დიპლომატებს, რომლებიც საჯაროდ ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან გასვლის შესახებ.
ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ქართველი კოლეგების წინაშე მდგარი გამოწვევები, რადგან 2004 და 2014 წლებში, უკრაინის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, უკრაინის დიპლომატიური სამსახურმა მხარი დაუჭირა უკრაინელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს და აჩვენს პროფესიული და სამოქალაქო გამბედაობის მაგალითი.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გასაღები და ჩვენ მივისწრაფვით ჩვენი ხალხებისთვის წარმატებული მომავლისკენ დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენი სოლიდარობა ქართველ ხალხთან ურყევია,” - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს „ნაცმაიდანს“ უწოდებს, აცხადებს, რომ საპროტესტო დემონსტრაციები „საერთაშორისო კოორდინაციით“ ტარდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“
მან აღნიშნა, რომ „მაიდნის სცენარი“ ვერ განხორციელდება. 2 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვას - რას აკეთებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საპროტესტო დემონსტრაციებზე და ადასტურებს თუ არა იგი რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის მოქალაქეების დაკავებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„რეალურად, იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩართულნი. მე არ მინდა, ყველა დავასახელო. იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობა,“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აქედან ჩანს, რომ „ეს იყო კოორდინირებული.“
„საერთაშორისო მასშტაბის კოორდინაცია ჰქონდა. გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ზოგადად ამ „ნაცმაიდანის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო აბსოლუტურად კოორდინირებული. სხვანაირად გამორიცხულია, რომ სამი და მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ჩართულნი ყოფილიყვნენ ძალადობრივ ქმედებებში. აქ იყო სერიოზული კოორდინაცია.“ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მასთან შეხვედრა ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა მოისურვა. ბრიტანეთის საელჩოს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.