მინისტრი: გერმანიის განვითარების სამინისტრო აქამდე მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას, ახლანდელ მთავრობასთან ეს თანამშრომლობა აზრს კარგავს

გერმანიის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს განცხადებით, „გერმანიის განვითარების სამინისტრო აქამდე მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას. საქართველოს ახლანდელ მთავრობასთან ამ თანამშრომლობის განხორციელება კი, აზრს კარგავს.“ მინისტრის თქმით, „ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთ სფეროებში, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნის ევროპასთან კავშირებს.“ 


მინისტრი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, „შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები“, ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება, დროებით მაინც, თავისი მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსზე უარს ამბობს.“


„ქართველების დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ყოველდღე, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხალხი ქუჩებში გამოდის, რადგან მათ ევროპული საქართველო სურთ. ამასთან, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული,“ აცხადებს სვენია შულცე.


ინფორმაციისთვის, გერმანიის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აზიარებს სამინისტროს ვებგვერდზე მოცემულ მეტ ინფორმაციას: „გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო გადაამოწმებს საქართველოს მთავრობასთან არსებულ მთლიან თანამშრომლობას. არ გაიცემა თანხმობა საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის ახალ პროექტებზე და მათ განხორციელებაზე, ასევე არ მოეწერება ხელი ახალ საკრედიტო ხელშეკრულებებს.


გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო უფლებას იტოვებს, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით მიიღოს შემდგომი ზომები. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისში მიღებულ იქნა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, აღარ გაცემულა დაპირებები საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის ახალი პროექტების განხორციელების თაობაზე. საქართველოსთან აქამდე არსებული თანამშრომლობა მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისეთ სფეროებში თანამშრომლობით, როგორებიცაა, მაგალითად ენერგომომარაგება, ასევე, ქართული კომპანიებისთვის სპეციალისტების მომზადება, მდგრადი ურბანული განვითარება და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.“


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.