ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს, პირველი ორი დღის განმავლობაში გვქონდა ინციდენტები, მაგრამ ბოლო ოთხ დღეში არანაირი ინციდენტი არ ყოფილა.“

მან შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, გეგმავს თუ არა თანამდებობიდან გადადგომას იმის ფონზე, რომ ქუჩებში ბევრი ადამიანი ხელისუფლების კურსით უკმაყოფილოა და ასევე, თანამდებობებს ელჩებიც ტოვებენ.


„ქუჩაში 5000 ადამიანია და საპარლამენტო არჩევნები სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა. „ქართულმა ოცნებამ“ 1 120 000 ხმა მიიღო. შეგიძლიათ შეადაროთ. 1 120 000 ადამიანი და 5 000 ადამიანი, რომელიც ქუჩაში რაღაცას აპროტესტებს, რასაც საფუძველი არ აქვს. ეს არის დღეს არსებული მდგომარეობა. არის ძალადობრივი ჯგუფი, დაახლოებით, 500-მდე ადამიანი და ხედავთ, რომ პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს, პირველი ორი დღის განმავლობაში გვქონდა ინციდენტები, მაგრამ ბოლო ოთხ დღეში არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. დღეს პროპორციულ ქმედებებს აქვს ადგილი. სწორედ ამიტომ საქართველოში „მაიდანი“ არ შედგა, ოპოზიცია განადგურებულია და ახლა საკუთარ თავს ანადგურებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ცნობისთვის, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევენ მონიტორინგს და რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება, გახდეს.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.