პრეზიდენტი: მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა?

„მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის, რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება? - არ იყო მოწოდება და ახლა, ტყუილად ნუ მოეკიდებით, რაღაც სისრულეებს,“ - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასმულ შეკითხვას, რითაც სკოლის მოსწავლეებზე ციტატა განმარტა.


სალომე ზურაბიშვილმა პროპაგანდა და დეზინფორმაცია უწოდა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მისი მხრიდან „იყო პირდაპირ მოწოდება, რომ უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დრო არის.“ პრეზიდენტის განმარტებით, სოციალურ ქსელში, სადაც მან პოსტი დაწერა, ფაქტები აღწერა.


„არა, ახლა, ამაზე გაგაჩერებთ! ეს არის წარმოუდგენელი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა, არ გვინდა. მე ზუსტად ვიცი, რას ვწერ. მე, არსს ვამბობ. წარმოუდგენელია. იყო ინგლისურად [დაწერილი] ჯერ ერთი და მოწოდებები საქართველოში ინგლისურად არ კეთდება სოციალურ ქსელში, რომელიც არის უცხოელებისთვის.


ეს არის აღწერა იმისა, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე, რაც ხდება [უნივერსიტეტებში] და ახლა, ვინმეს, თუ წარმოუდგენია, რომ მე, რომელიც ვარ დედა, ბებია და შემიძლია, მოვუწოდო სკოლების ბავშვებს, რომ გამივიდნენ და გაოგნებული ვარ, რომ შეიძლება, ვიღაცას საპატრიარქოში სჯეროდეს, რომ მე შეიძლება, ასეთი მოწოდება გავაკეთო - მოწოდება არ გამიკეთებია, არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის, რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება?“ -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


„მე იქ ვწერ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ვიცი, ჩემი პოსტები იკითხება და ამით ვავრცელებ იმ ინფორმაციას, რაც სამწუხაროდ, შეიძლება, არ ვრცელდება წყაროებიდან. არ იყო მოწოდება და ახლა, ტყუილად ნუ მოეკიდებით, რაღაც სისრულეებს.


ფაქტი არის, მე ვნახე ფაქტი, სურათები, სადაც ბავშვები სკოლებიდან გამოდიოდნენ, ძალიან საინტერესო პლაკატებით. მე ხომ არავინ ჩამირთავს. მე გეტყვით, ვინ ჩართო ბავშვები და ახალგაზრდები ამ მოძრაობაში, ვინც საქართველო წაიყვანა რუსეთისკენ!


მარო მაყაშვილზე რომ ვლაპარაკობთ, ვინ იყო მარო მაყაშვილი? გამახსენეთ! ეს იყვნენ იმ დროინდელი ახალგაზრდები, რომლებმაც ვერ აიტანეს, რომ რუსეთში შემოდიოდა საქართველოში დასაპყრობად. ეს დარჩება.


რაც გინდათ ის თქვით, მე არავინ გამომიწვევია, არავისთვის მოწოდება არ გამიკეთებია და ცხოვრებაში არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ თუ ერთი რამის მჯერა ყველაზე მეტად, ეს არის ადამიანი თავისუფლება. ყველას აქვს თავისი გზა, არჩევანი და ბოლოს და ბოლოს, როცა ის დრო მოდის თავის სინდისთან მარტო რჩება.


ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ ვინმეს მოუწოდოს და მოწოდებაზე, თუ გადავალთ, აბა, ახლა ვთქვათ, ვინ მოუწოდა ჩვენ სპორტსმენებს რომ შემოსულიყვნენ პოლიტიკაში? ჩვენ, მთელი ერო რომ ვიყავით გაერთიანებული ფეხბურთი დროს, ასეთი ბედნიერი მომენტი ბოლო წლებში მაინც საქართველოსთვის არ ყოფილა, როგორც ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე საქართველოს შესვლა და ვინ ჩართო ეს ხალხი პოლიტიკაში? ვინ მოუწოდა? ან ჩვენი ოლიმპიელები, ვინ შემოიყვანა პარლამენტში, ან რა ესაქმებათ პარლამენტში, ეს არ არის ერის დაყოფა? არა, არ უნდა ჩართო [სპორტსმენები პოლიტიკაში].


შეუძლიათ, მაგრამ არ უნდა ჩართო, არ უნდა დაყო. მთელი ეს ისტორია იმას აჩვენებს, რომ საქართველო არის ძლიერი, როცა არის ერთიანი და თუ ჩვენ გვქონდა და გვაქვს დაპირისპირება, პოლარიზაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოსი არ არის, მთელ მსოფლიოს მოედო ეს პოლარიზაცია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ის ბედნიერება, რომ ორ მომენტში: ფეხბურთსა და ოლიმპიადაზე მართლაც ვიყავით გაერთიანებული და არვის ჰქონდა უფლება, რომ ეს დაეშალა. გერმანიის სხვადასხვა ქალებში ქართული დროშა ყველას ეჭირა და მე სადაც ვიყავი, იქ არავინ კითხულობდა, ეს „ოცნებისტია“ ოპოზიციაა თუ ვინ არის. ეს დაშალა საარჩევნოდ „ოცნებამ“, სხვა არავინ, სხვას არავის გამოუყენებია პოლიტიკურად ეს ადამიანები,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სკოლების მისამართით შემდეგი პოსტი დაწერა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„უნივერსიტეტების შემდეგ, სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს მთელ საქართველოში.“