ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი: სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხს

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტი ოლივერ როპკე და EESC-ის (ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი) საგარეო ურთიერთობების სექციის პრეზიდენტი დიმიტრი დიმიტრიადი ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.


„ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) სახელით გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე, აშკარად მიუთითებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ უკანდახევასა და ევროპული გზიდან გადახვევაზე. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ასახავს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას.


ასიათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში, რითაც აჩვენებენ თავიანთ ურყევ ერთგულებას დემოკრატიისადმი, ფუნდამენტური უფლებებისადმი და მათი სურვილისადმი, იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილნი.


დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ხელისუფლების მიერ ძალადობის მიუღებელი გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის მუშაკების მიმართ. საქართველოს მთავრობამ უნდა უპასუხოს თავისი ხალხის მოთხოვნებს და არა ჩაახშოს ისინი.


EESC-ში ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხს, რომლებიც მუდმივად აჩვენებენ თავიანთ ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს სოციალურ პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებთანაც წლების განმავლობაში დავამყარეთ კონსტრუქციული ურთიერთობები ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმისა და CECM-ის (Committee's Enlargement Candidate Members initiative) მეშვეობით.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.