რესპუბლიკის მოედანზე მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

„რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები და ჟურნალისტები არიან შეკრებილნი.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.


„მედიაზე ძალადობა ეს არის ყველაზე დიდი გამოხატულება ყველაზე დიდი სისუსტის. ის რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეს ძალადობა არ იყო, ეს არის მკვლელობის მცდელობა, ნამდვილად ასე დავარქმევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი შანსი იყო ისევე როგორც გურამ როგავას შემთხვევაში, ასევე მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის შემთხვევაში ეს ამბავი დამთავრებულიყო საშინელი შედეგით...." - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.


თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის გარდა, მედიის მიმართ ძალადობას დაგმეს გორშიც. მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები პოლიციასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა პოლიციის შენობასთან სიმბოლურად დაალაგეს აპარატურა, რომლითაც სამუშაოს ასრულებენ და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი. მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ კახეთშიც. ისინი კოლეგების მიმართ ძალადობას გმობენ.

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს „ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.