გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე: შეუძლებელია ამის მოთმენა

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება TVპირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ქოჩორაშვილი ამბობს, რომ „ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას.“


„სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება.

შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება. შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.


ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას. ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს! დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!,“ - წერს ქოჩორაშვილი.


შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.